თეა ახვლედიანი - უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
თეა ახვლედიანი - უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართული იყო სხვადასხვა ფორმატში.

„გასული წლის განმავლობაში ვახორციელებდით მრავალგანზომილებიანი საქმიანობის კოორდინაციას ყველა დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში: შედეგად, არსებული პოლიტიკური ხედვისა და განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, ინიცირებულ იქნა, დაინერგა და ამოქმედდა სათანადო ინსტრუმენტები და მექანიზმები, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე შეფასებულ იქნა მიღწეული პროგრესი, ისევე როგორც დაისახა სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი ქმედებები. აღნიშნული პროცესი იყო ინკლუზიური და მიმდინარეობდა ყველა პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, თემით დაინტერესებული აქტორების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. ამ კონტექსტში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიასთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის და სხვა დარგობრივ კომიტეტებთან მუშაობა.

ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართული იყო სხვადასხვა ფორმატში, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტებს, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. ვაგრძელებთ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე, პარტნიორი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დელეგაციებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.

თეა ახვლედიანის თქმით, წელს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული და სხვა არაერთი თემატური დიალოგის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად იმსჯელეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.

„ასევე, ვიმსჯელეთ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინირებული ქმედებების შემდგომი გაძლიერების გზებზე. ჩემი უშუალო მოწვევით, წელს ვუმასპინძლეთ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რომლებიც, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრების კვალდაკვალ, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, დონორი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ორივე პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამოცანების შესაბამისად გაწეული ძალისხმევის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

თეა ახვლედიანის პარლამენტში გამოვლის ტექსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.