თეა ახვლედიანი - ტოლერანტობის დღე შეგვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცისა და სტაბილური განვითარების საფუძველია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად, მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს იმის დასტურად, რომ ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები კაცობრიობისთვის უმთავრესი ფასეულობაა!
გაერო-ს გადაწყვეტილებით, ეს დღე 1996 წლიდან 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს მსოფლიოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურების მიმართ პატივისცემასა და დაფასებას, სხვადასხვა ეთნოსის მშვიდობიანი, სოლიდარული და ჰარმონიული თანაცხოვრების მნიშვნელობას, რაც ჩვენი გაზიარებული ღირებულებებისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
საქართველო კულტურული მრავალფეროვნების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელიც გამორჩეულია ეთნიკური წარმომავლობით, კულტურით, მრწამსითა და ტრადიციებით განსხვავებული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ჰარმონიული თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილებით, ურთიერთპატივისცემითა და შემწყნარებლობით.
სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებების საფუძველზე იქცა საქართველო ჩვენი მრავალეთნიკური მოსახლეობის სამშობლოდ, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, პატივს სცემს და იზიარებს ერთიან ევროპულ ფასეულობებს, სადაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა გარანტირებულია კონსტიტუციით.
„საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებითა და დანერგილი მექანიზმებით უზრუნველყოფილია თანასწორობა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.
სწორედ ამ ღირებულებებსა და ჩვენს უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ეთნოსთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას, განვითარებისა და ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და თანასწორობის პრინციპის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოება დემოკრატიული სიმტკიცისა და სტაბილური განვითარების მყარი საფუძველია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წელს, ამ დღეს ახალგაზრდებზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პროგრამითა და აქტივობებით აღნიშნავს. სწორედ მათი პრინციპული პოზიციითა და უფრო აქტიური ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული ტოლერანტული გარემოს შემდგომ განმტკიცებასა და გაძლიერებას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ თანასწორობისა და ტოლერანტობის ყველა ქომაგს, სრულიად საქართველოს! გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებულ მომავალს!“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.