შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესი და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი.
ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სამომავლო რაუნდის დროს განსახილველ საკითხებზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს გაიმართება.
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და მშვიდობის შემდგომი მშენებლობის კუთხით შემუშავებული სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.