თეა ახვლედიანი - სოფელ ზარდიაანთკარში უახლოეს მომავალში დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
უახლოეს მომავალში სოფელ ზარდიაანთკარში დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა, გამოვყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასულ წელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად იმ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა და მომზადდა თითოეული სახლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ექსპერტული დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 800 000 ლარი. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.