შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოთქვა შვედეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული, უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.
მხარეებმა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში შვედეთის შემდგომი ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე იმსჯელეს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.