თეა ახვლედიანი - საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით
სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თე ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკასა და ქმედებებს.
„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე. იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი.
სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით.
სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციითვე, უწყება რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან.
„ბატონი დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე, ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ პროცესში, ამოქმედდა ცხელი ხაზი და საქართველოს შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს ვიყენებთ, რათა ადეკვატური რეაგირება მივცეთ ამ ვითარებას. კერძოდ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ კონტაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბატონი დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხები. ამ ეტაპისთვის თქვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ისეთი მძიმე პაციენტებისთვის როგორიც ამ ეტაპზე არის ბატონი დათა ვანიშვილი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არსებული შესაძლებლობებიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ, მათ შორის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მინისტრის განცხადებებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.