თეა ახვლედიანი - საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს
პანდემიის პირობებშიც კი გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„დღევანდელი ჩემი მოხსენება უკავშირდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ჩემი დანიშვნიდან გასულ, ფაქტიურად ერთწლიან პერიოდს, რომელიც, მოგეხსენებათ, იყო ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე – უპრეცედენტოდ რთული, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მიმდინარე რუსული ოკუპაციითა და მისი თანმხლები უკანონო პროცესებით შექმნილი ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა, რაც განპირობებულია დე ფაქტო ანექსიისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებით, გალისა და ახალგორის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციით, გადაადგილების თავისუფლების, მშობლიურ ენაზე განათლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვით, კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პირობებში. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგორის რაიონი, სადაც წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს საუბედუროდ არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციისა“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით, რაც, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რისი ნათელი მაგალითიც სწორედ ამ დღეებში იყო გენადი ბესტაევის შემთხვევა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა აფხაზეთის მიმართულებით.
„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში“, – დასძინა თეა ახვლედიანმა.