შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის“ გახსნას დაესწრო.
თეა ახვლედიანმა, როგორც ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა, ომით დაშორებული საზოგადოების შერიგებისა და ჩართულობის პროცესში, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების, მათ შორის, ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას.
თეა ახვლედიანმა აღნიშნა ნიქოზის ფესტივალის განსაკუთრებული დატვირთვა, მისი არსისა და სოლიდური საერთაშორისო განზომილების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფართოდ წარმოაჩენს საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის უმძიმესი შედეგების საპასუხოდ, ქვეყნისა და მისი საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევას.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას, ასევე სახელმწიფო უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ყველას ვინც ძალისხმევა გასწია ფესტივალის ინიციატორების მხარდასაჭერად.
„ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალის ისტორია სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო, სადაც 2008 წლის აგვისტოში ფეთქდებოდა ჭურვები, ინგრეოდა ტაძრები და საიდანაც, სწორედ, სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, დღემდე არის აღმართული ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, ჩვენი ხალხის დასაშორებლად და დასაშინებლად. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აქვს გაცხადებული რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი პოლიტიკის განუხრელად განხორციელების გზით, მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ხალხის გაერთიანებას. ამ მიზნის მიღწევის გზაზე კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელოვნების ენაზე მიწვდენილი ხმა, რომელიც არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამშვიდობო გზავნილი, რომ ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ საერთო ტკივილი, ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და მომავალი. მართლაც მჯერა, რომ შორს არ არის ის დღე, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები ცხინვალიდან და სოხუმიდან. მინდა, ასევე ძალიან დიდი დაფასება და მადლიერება გამოვხატო მეუფე ისაიას მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, სახელმწიფო თუ საერთაშორისო პარტნიორის მიმართ, ვინც ხელი შეუწყო, წვლილი შეიტანა და იღვაწა ამ ფესტივალის ასეთი სოლიდური საერთაშორისო განზომილების შესაძენად და განსავითარებლად“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ფესტივალი 2011 წლიდან იმართება. მეათე საიუბილეო ფესტივალში წელს, მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 1-6 სექტემბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტები გაიმართება.
ფესტივალის გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში იაპონიის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის ელჩები, სხვა საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.