თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯამში, 1 600-მდე ადამიანის მონაწილეობით
თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯამში, 1 600-მდე ადამიანის მონაწილეობით

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯამში, 1 600-მდე ადამიანის მონაწილეობით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მისი თქმით, რაც შეეხება თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების პრიორიტეტს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევა მიმართული იყო: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ფართო ჩართულობის მხარდასაჭერად არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე; მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე; ისევე როგორც საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობაზე.

„ამ მიზნით:

• სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები – ჯამში, 1 600-მდე ადამიანის მონაწილეობით;
• ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი, 3000-მდე ბენეფიციარის ჩართულობით, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა;
• ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროაქტიული მიდგომის ფარგლებში მასშტაბურად განხორციელდა აქტუალურ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალის, მათ შორის 30-ზე მეტი საკანონმდებლო აქტის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა;
• გაძლიერდა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო მექანიზმები ექვსი ძირითადი თემატური მიმართულებით: ახალგაზრდების და ქალების ჩართულობა; სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა; განათლება და სახელმწიფო ენა; ინტერკულტურული დიალოგის წახალისება, რაც, პროცესების ეფექტიანობასთან ერთად, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას უზრუნველყოფს;
• ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე;
• ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმირება უწყვეტად ხორციელდებოდა სატელევიზიო და ინტერნეტმაუწყებლობის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები ამავდროულად რეგიონული ტელევიზიებითაც ვრცელდებოდა.
• არაქართულენოვანი საზოგადოებისთვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სახელმწიფოს დაფინანსებით წლის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები: „ვრასტანი“ და „გურჯისტანი“. გაზეთების გავრცელების არეალში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე, მიმდინარეობს მათი ეფექტიანობის ამაღლებასა და განვითარებაზე მუშაობა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.