თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, გაძლიერდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა.
„ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, დეოკუპაციის ძალისხმევასთან ერთად, ჩვენ ახალი ინიციატივებითა და ქმედითი ნაბიჯებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა დიალოგის გაძლიერების, ნდობის მშენებლობის და ჩართულობის პროცესის გააქტიურებით; კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მაშინაც კი როდესაც მიმდინარე ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლებას შეზღუდული აქვს წვდომა ჩვენს ორ რეგიონზე ჩვენი მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა, სხვადასხვა პროგრამებზე, სერვისებზე, ევროინტეგრაციის სიკეთეებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რითაც სარგებლობს დღესდღეობით დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა.
ჩართულობის პოლიტიკა ეფუძნება 2010 წელს მიღებულ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელიც აღარ მოდის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და სრულად ვეღარ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაახლა სამთავრობო კომისია და შესაბამისს სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით დაიწყო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით განხორციელდება. შედეგად, წლის ბოლოსთვის შემუშავდება განახლებული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება მიღწეული შედეგების შეფასებას, ჯეროვნად ასახავს გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
მოგეხსენებათ, რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი და მიზანმიმართული პროპაგანდა, მათ შორის, ემსახურება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის გაუცხოების გაღრმავებას, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ანტიქართული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას, რომელთა დასაძლევად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზით, ხელოვნურად შექმნილი სტერეოტიპების დამსხვრევა. ამისათვის, მიმდინარე საქმიანობასთან ერთად, ასევე დაწყებულია მუშაობა შემდგომ, შემდგომ კონკრეტულ ქმედებათა გეგმაზე“, – აცხადებს ახვლედიანი.
მინისტრის თქმით, ქალები არა მარტო განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მისი შედეგების გათვალისწინებით, არამედ მათ ასევე გამორჩეული როლი აკისრიათ კონფლიქტის პრევენციის და ზოგადად სამშვიდობო პროცესებში.
„ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, ისევე როგორც კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნა ქალთა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობით გავაძლიერებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევადაც.
ამასთან, ჩვენ შევქმენით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საბჭო, რათა სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიონალ ექსპერტთა მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და ქმედებები“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.