თეა ახვლედიანი - პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს
თეა ახვლედიანი - პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს

პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მიერ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯები უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დეზინფორმაციის პრევენციის ღონისძიებებსა და საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობას.

პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს. ამ მიზნით ძალისხმევა მიემართება სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე. საპილოტე რეჟიმში დაიწყება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად შემუშავებული „1+4 სტაჟირების პროგრამის“ ახალი მოდელის  დანერგვა.

გაგრძელდება კულტურათაშორისი დიალოგის  სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რომელიც მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და განვითარებისკენ, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო-სპორტული ღონისძიების მხარდაჭერის გზით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, 2024 წელს დაგეგმილი აქვთ კომპლექსური თემატური კვლევების ჩატარება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ზეგავლენისა და იმპლემენტაციის პროცესის შეფასების  მიზნით.

„მიმდინარე წელს ასევე განხორციელდება სტრატეგიის პირველი შუალედური შეფასება, რომლის ფარგლებში გაიზომება მიღწეული პროგრესი, რაც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისა  და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის თვალსაზრისით.

პატივცემულო დეპუტატებო, ვაცნობიერებთ რა ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს, მე და ჩემს გუნდს კარგად გვაქვს გააზრებული იმ პასუხისმგებლობის ხარისხი, რაც ჩემი ხელახალი დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე დამეკისრება. ვაცხადებთ სრულ მზაობას ფართო ინკლუზიური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.