თეა ახვლედიანი - პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის აქტუალურ სხვა საკითხებთან ერთად გააკეთა ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ გააკეთა ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის აქტუალურ სხვა საკითხებთან ერთად გააკეთა ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, რომლის დასრულება და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტს. გიორგი გახარიამ უმაღლესი ტრიბუნიდან საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინა ყოვლისმომცველი სურათი იმ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული, ადამიანის კუთხით არსებული გამოწვევებისა, რომლებიც კიდევ უფრო დამძიმდა „კოვიდ“ პანდემიის პერიოდში. მან ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციაზე, მოქალაქეების უკანონო გატაცებებზე და იმ რთულ ვითარებაზე, რასთანაც ყოველდღიურად უწევთ გამკლავება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა შერიგებისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე, რაც მიმართულია ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.