თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. 17 მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.