თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავება არის არალეგალური პროცესების გაგრძელება, რასაც წლებია, ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის დაკავება წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი.
„ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით. ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.