თეა ახვლედიანი - მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის
მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მან საპროცედურო საკითხთა და წესების; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
„თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია აღნიშნული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამ კუთხით მისასალმებელი შედეგებიც არსებობს – ჩვენ დაგვიგროვდა რიგ სფეროებსა და კონკრეტულ საკითხებზე ამგვარი დიალოგის გზით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება. ეს პროცესი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება, გახდება უფრო ინტენსიური და საერთო ინტერესების თემებზე ეფექტიანად იყოს გამოყენებული კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის ფორმატში ჩაერთოს საზოგადოების შეძლებისდაგვარად ყველა რგოლი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.