თეა ახვლედიანი - მინდა, მივესალმო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის ამოქმედებას
წამოწყებული ინიციატივები უდავოდ გაგრძელდება. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებელი იქნება, ხელისუფლების და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენი ხედვის რეგულარული ადაპტაცია სწრაფად ცვალებად რეალობასთან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.
„ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი ფიზიკური ბარიერებითა და ანექსიისკენ მიმართული ინტენსიური ნაბიჯებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონებისა და მისი მაცხოვრებლების სრულ იზოლაციას დანარჩენი საქართველოსგან, რაც მათ შორის მიმართულია შერიგების წინააღმდეგ და უკიდურესად ართულებს ჩვენს ძალისხმევას, განვავითაროთ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს პროცესები ქმნის შემდგომ გამოწვევებს, საჭიროებს ერთიან, კონსოლიდირებულ მიდგომას და პროცესში ჩართულ ყველა უწყებას შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. ამ კონტექსტში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის როლსა და ჩართულობას. მინდა, მივესალმო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის ამოქმედებას. ჩვენი ამოცანა იქნება, თქვენთან ერთად გავაძლიეროთ ძალისხმევა და ვიმუშაოთ შემდგომ, შედეგზე ორიენტირებულ, კიდევ უფრო ქმედით, ოპტიმალურ გზებზე, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოებების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამ პროცესში გახსნილი ვართ დიალოგისთვის, როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საზოგადოების ყველა ნაწილის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მაცხოვრებლებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობით, შევძლოთ ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.