თეა ახვლედიანი - მიმდინარე ოკუპაცია და მისი თანმდევი ყველა გამოწვევის ერთობლიობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზაციას
ვფიქრობ, თვალსაჩინოა, რომ მიმდინარე ოკუპაცია და მისი თანმდევი ყველა გამოწვევის ერთობლიობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზაციას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, შესაბამისად, ამ კუთხით გარდამტეხი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა არსებითად უკავშირდება დეოკუპაციის განზომილებით პროგრესის მიღწევას.
„ამასთან, ოკუპაციის მძიმე შედეგების დაძლევა არსობრივად სცილდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შესაძლებლობებს იმის გათვალისწინებით, რომ მისი ძირითადი დანიშნულება და მიზანია, სტატუსნეიტრალური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტების და სამშვიდობო ინიციატივების გამოყენებით კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი, ომით ხელოვნურად გაყოფილ ადამიანებს შორის ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში. შესაბამისად, აღნიშნული მიზანი ხორციელდება, ერთი მხრივ, საოკუპაციო ხაზებით და დეზინფორმაციით დაშორებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის სახალხო დიპლომატიის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესის საკითხების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით; მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გათვალისწინებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სპეციალური მექანიზმების შექმნითა და განვითარებით, ასევე, იმ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სიკეთეების გაზიარებით, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანის პარლამენტში გამოსვლის ტექსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.