თეა ახვლედიანი - მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს
მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი არის მზად დიალოგისთვის და თბილისი არ პასუხობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ამ თემაზე ახვლედიანმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
„ეს არის მცდარი. უმაღლეს დონეზე მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და ზუსტად იმავე გზით, არაერთხელ გავეცით პასუხი. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე. ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ არაერთხელ საჯაროდ.
საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი.
გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა მათ შედეგი არ მოჰყოლია. ნამდვილად მექნებოდა სურვილი, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებაში თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მაინც მოიხსნას ეს საკითხი. შევხვდეთ და დახურულ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხები. ამ ეტაპზე, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ხელს უშლის დიალოგს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ კონკრეტული გზებით განვიხილოთ როგორ შეიძლება ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.