თეა ახვლედიანი - ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე, ძლიერი მხარდამჭერია
ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე და ძლიერი მხარდამჭერია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით ნატო-ს სამიტის წინ, მხარდაჭერის თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
„ხაზგასასმელია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში თავისი ვიზიტი დაიწყო საოკუპაციო ხაზის მონახულებით, ადგილზე გაეცნო მავთულხლართებით შექმნილ მძიმე ვითარებას და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რის შემდეგაც ჩვენ ვეწვიეთ გამყოფი ხაზის სოფელ ხურვალეთში ლიეტუვას მხარდაჭერით მოწყობილ საქართველოში ერთ-ერთ უმძლავრეს მზის ელექტროსადგურის პროექტს და შევხვდით მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვართ ლიეტუვის, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ამგვარი პროექტების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილობაში მყოფ მოსახლეობას. ფაქტი, რომ დღემდე დევნილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საშუალება, არის მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რაც უკვე სამართლებრივად გამყარებულია ადამიანის უფლებების სასამართლო გადაწყვეტილებით. პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და ყველა ამ თემაზე ჩვენ მიერ გამართული დისკუსია, ეს დაინტერესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და შექმნილი ვითარება, ოკუპაციის გამო, ძალიან მნიშვნელოვანად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტი შეუერთდა მოსახლეობას, ძალიან გულწრფელი და უშუალო საუბარი გაიმართა, სადაც მას დევნილმა მოსახლეობამ ასევე გულწრფელად მოუყვა მათი პირობები და ვითარება, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება დევნილობაში.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მათ მოახდინეს შედარება რამდენიმე წლის წინ არსებული მდგომარეობასა და იმ პირობებთან შედარებით, რომელშიც იმყოფებიან დღეს. მათ გამოხატეს მადლიერება გაწეული ძალისხმევის გამო, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. შეკითხვაზე, როდესაც პრეზიდენტმა მათ ჰკითხა ოცნების თაობაზე, მოსახლეობამ უპასუხა, რომ ერთადერთი რამ, რაზეც ისინი დღესდღეობით ოცნებობენ, არის საკუთარ სახლებში დაბრუნება და ლიეტუვის პრეზიდენტმა ამ მიმართულებით მათ მაქსიმალურ მხარდაჭერა აღუთქვა“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.