თეა ახვლედიანი ლევან იოსელიანს შეხვდა
თეა ახვლედიანი ლევან იოსელიანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ლევან იოსელიანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, პოლიტიკის პრიორიტეტები როგორც ოკუპირებული რეგიონების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებებით.

შეხვედრაზე მიმოიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტები და მათ ფარგლებში 2023-24 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნები და ამოცანები, ასევე ის მექანიზმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციას და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანასწორი ჩართულობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.

თეა ახვლედიანმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

სახელმწიფო მინისტრმა და სახალხო დამცველმა სახალხო დამცველის აპარატსა და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.