თეა ახვლედიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები
თეა ახვლედიანი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები

ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა, ისევ და ისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა ახვლედიანმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს გაძლიერებულ ძალისხმევასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლება; მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის საშუალება; აღდგეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები – მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და საკუთრების უფლების აღდგენის ჩათვლით; შეწყდეს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროება; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე; ასევე, აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა, ისევ და ისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნულ და შერიგების პოლიტიკის ყველა სხვა მიმართულებაზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, კიდევ უფრო განსაკუთრებით გააძლიერა მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან – ჟენევის თანათავმჯდომარეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, რაც შემდგომშიც გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ პროცესში, და ზოგადად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. რწმენას გამოვთქვამ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბერკეტით, არსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.