თეა ახვლედიანი - იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ
იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, უმთავრესი შედეგი გახლავთ.
მოგეხსენებათ, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია ხალხთაშორისი უშუალო კომუნიკაციის გარეშე, რაც, დაწესებული შეზღუდვებისა თუ პანდემიის მიუხედავად, არასდროს შეწყვეტილა და წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფორმალური თუ არაფორმალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, ასევე სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური პროექტების ფარგლებში“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.