ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ. აღნიშნულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში დამტკიცებული ეროვნული გეგმის თანახმად, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„მოწოდებული დოზების პარალელურად, ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს. მათ შეეძლებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.