შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა, რომელიც სამუშაო საუზმის ფორმატში შედგა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობასა და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე ისაუბრეს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატთან დეტალურად განიხილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ისევე როგორც თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილი გამოწვევები, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მჭიდრო კოორდინაციით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე პოზიციის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
„გერმანიის ელჩთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა წარმოადგენდა ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩვენი ინტენსიური და რეგულარული თანამშრომლობის ნაწილს, რომელზეც განვიხილეთ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარე პროცესი, ისევე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილზე არსებული მდგომარეობა, როგორც ადამიანის უფლებრივი კუთხით, ასევე სოციალური, ჰუმანიტარული და კოვიდპანდემიის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღინიშნა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების მნიშვნელობა. ჩვენ ვიმსჯელეთ რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების გზებზე და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე კონკრეტული მიმართულებებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
„სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ვაგრძელებთ ჩვენს დიალოგს საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ამ ორ რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გერმანიის მხრიდან დახმარების გაწევისა და მხარდაჭერის შესაძლებლობების თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამ სფეროში მომუშავე გერმანული ორგანიზაციების შესახებ. ძალიან ვაფასებ გულწრფელ და ღია საუბარს, რომელიც მუდმივად გვაქვს სახელმწიფო მინისტრთან. ძალიან კარგია, რომ გვაქვს ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.