გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, ზამთარში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა, სტუდენტებისთვის კი სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და თანათავჯდომარემ, თეა ახვლედიანმა გახსნეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება. სამთავრობო კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
„სახელმწიფო აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ საჭიროებებზე საპასუხო ძალისხმევას და მხარდაჭერას მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფისთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.