შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილე დანილ ხოშაბოსთან, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველ ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვასთან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
„სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც გმობს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და ექვსი თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის, მათ შორის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.
„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მათი კონსოლიდირებული ძალისხმევისა და გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს დღესდღეობით საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამავე კონტექსტში მადლიერება გამოვხატეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, რომელმაც ახლახანს თავისი მხარდამჭერი განცხადებით დაგმო ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ გამოტანილი სასჯელი.
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრისას განვიხილეთ სამშვიდობო ინიციატივისა და ჩვენი ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი და თვალსაჩინო, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და იქ არსებული ვითარება აქტუალურ საკითხებს შორის არის საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა