თეა ახვლედიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
„შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუსნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მხარეებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.