თეა ახვლედიანი - ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გამოწვევების საპასუხო ამოცანები სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენაა მიმართული
თეა ახვლედიანი - ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გამოწვევების საპასუხო ამოცანები სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენაა მიმართული

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თეა ახვლედიანის თქმით, დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებები ითვალისწინებს არსებული მიდგომების, ასევე სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებით უზრუნველყოფას.

„მოგახსენებთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, თანაბარუფლებიანი გარემოსა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

ამ მიმართულებით დასახული ამოცანები ორიენტირებულია ერთიანი, მრავალკულტურული საზოგადოების განმტკიცებაზე, რომლის თითოეული წევრი თანასწორია. აღნიშნული პოლიტიკის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია, რომლის ფარგლებში დასახული მიზნების მიმოხილვას სახელმწიფო ენის პრიორიტეტით დავიწყებ. სახელმწიფო ენის ცოდნა განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, სრულფასოვანი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, სხვადასხვა ეთნოსს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფისა და კულტურის გაზიარების წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს წარმოადგენს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის კუთხით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებები ითვალისწინებს არსებული მიდგომების, ასევე სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებით უზრუნველყოფას.

ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ორენოვანი განათლების მოდელი – ბილინგვური პროგრამა 2024 წლის ბოლომდე ყველა არაქართულენოვან ბაღსა და სკოლაში დაინერგება. ჩვენი სტრატეგიული ხედვის რეალიზების შედეგად, 2030 წლისთვის ყველა არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების სრულ უმრავლესობას ეცოდინება ქართული ენა. ქართული ენის სწავლების ძალისხმევასთან ერთად, კვლავაც მხარდაჭერილი იქნება ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება, მათ შორის, მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის – ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე. არსებული საჭიროებების და პროგრამის კომპლექსური კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების განვითარების, ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, განხორციელდება 1+4 პროგრამის ადაპტაცია. გაგრძელდება პროფესიულ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა ქართული ენის პროგრამების შეთავაზებისა და არაქართულენოვან სკოლებში პროფესიული უნარების კურსების დანერგვის გზით. განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, გარდამტეხ როლს შეასრულებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბური პროექტი. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გასულ წელს დასრულდა 20-ზე მეტი პროექტი, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია 14 საბავშვო ბაღისა და 13 საჯარო სკოლის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.