თეა ახვლედიანი ეროვნულ მუზეუმში გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
გამოფენა, რომელიც 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება და მოიცავს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებს.
„დღევანდელი ღონისძიება, რომელიც წარმოაჩენს „ფერებს აფხაზეთიდან“ ჩვენი უნიჭიერესი და დევნილობაში მყოფი მხატვრების შემოქმედებით, უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ ძლიერი გზავნილის მატარებელია. დღეს აქ გვაერთიანებს ხელოვნება, რათა ჩვენი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ, ფართოდ წარმოვაჩინოთ აფხაზეთის ღირსეული და გამოჩენილი წარმომადგენლები; იმისთვისაც, რომ ხელოვნების ენაზე მივაწვდინოთ ხმა აფხაზ შემოქმედებს, რომლებიც დღეს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოღვაწეობენ და იმისთვის, სწორედ, რომ ჩვენ ერთად დავძლიოთ ტკივილი და ერთად დავიცვათ ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა, ფასეულობები და მომავალი“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი: ნუგზარ მგალობლიშვილი, ვალერი ჩარგაზია, ავთო შენგელია, ვანო ქავშბაია, ელდარ ქავშბაია, ირმა გელანტია, ბიძინა სიდიანი, ემზარ ცირდავა, ლერი ჭანტურია, დიანა ვეკუა, გიორგი ტეოდოროვიჩი, მანანა ძოძუაშვილი, რამინ აფაქიძე, ხუტა კვარაცხელია, გულადი ფაცია, ეკატერინე ქარჩავა, ალექსანდრე დვალი, ოდიკ კეკუა, მერაბ ფიფია, დავით მარკოზია, მადლენა ბარაბაძე, გოგა ყურაშვილი, მურთაზ შურღაია, პავლე კეკუა, ნანა ფანგანი, ირაკლი სამუშია, ფელიქს შაკაია და რომეო ლეკვეიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები.