თეა ახვლედიანი - დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, დავეხმაროთ ხანძრების ლიკვიდაციაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირშია და სთავაზობს დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში.
თეა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა წუხილი, ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელებული ხანძრების გამო.
„საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა წუხილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ბოლო დროს გავრცელებული ხანძრების გამო, რამაც ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გაგრელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე-ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.
5 იანვრის დილიდანვე, ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საშუალებით.
ამ ეტაპზე, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ ხელთ არსებული არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში.
გვაქვს კომუნიკაცია, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ორმხრივი დიალოგი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ ამ დიალოგის დეტალებს, გარკვეული მიზეზების გამო. დიალოგი და კომუნიკაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.