თეა ახვლედიანი - ჩვენი მიზანია ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის სოციალური თანასწორობა და კეთილდღეობა
თეა ახვლედიანი - ჩვენი მიზანია ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის სოციალური თანასწორობა და კეთილდღეობა

კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებით, სტრატეგიის მექანიზმად განვიხილავთ ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას, ერთობლივი საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობების ხელშეწყობას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად დასახულია ნაბიჯები, რომლებიც უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული და უპასუხებს მიმდინარე საჭიროებებს, მათ შორის, თანაბარი საარჩევნო გარემოს განვითარებისა და არსებული საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფორმაციასა და მედიაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რითაც დავუპირისპირდებით ეთნიკურ უმცირესობებზე გამიზნულ დეზინფორმაციას და ხელს შევუწყობთ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას.

სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პრიორიტეტის რეალიზების მიმართულებით სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობასა და სოციალურ თანასწორობას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობისთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერებას, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე წვდომის ამაღლებას, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას, საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ჩათვლით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.

„კულტურათაშორის დიალოგთან მიმართებით, სტრატეგიის მექანიზმად განვიხილავთ ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას, ერთობლივი საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული აქტივობების ხელშეწყობასა და ამ გზით, კულტურათაშორისი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინტეგრაცია დინამიური და მრავალგანზომილებიანი პროცესია, რაც არ მოიაზრებს ცალსახად მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებზე ორიენტირებულ პროცესებს, არამედ მოითხოვს საზოგადოების თითოეული წევრის, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან სრულფასოვან მონაწილეობას, სათანადო მოტივაციასა და ძალისხმევას, ასევე პასუხისმგებლობების გაზიარებას. დასახული მიზნების მიღწევას, მთავრობის ძალისხმევასთან ერთად, საზოგადოების მხრიდან ქმედითი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ასეთ განზომილებაში ვხედავთ სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობას და ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაციის დიდი იმედი გვაქვს“, – დასძინა თეა ახვლედიანმა.