თეა ახვლედიანი - ჩვენ წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ათი სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 12 გადმოსვენებული პირის, აქედან ათი სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც, 30-წლიანი მოლოდინის ფონზე, კიდევ ერთხელ განიცდიან თავიანთი ახლობლის გარდაცვალების დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს. მე კიდევ ერთხელ მინდა, მათ თანაგრძნობა გამოვუხატო და გამოვთქვა რწმენა, რომ ამ ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება მცირედ შვებას მაინც მიანიჭებს მათ. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება მთავრობის კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში უკვე გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი კი არის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების ჩვენს ეროვნულ მიზნებს, რათა არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 300. დაახლოებით 2 000 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.