თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ბიანბა ზაშჰი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობას და ამ სფეროში თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩინური მხარის ინიციატივითა და პრიორიტეტული მიმართულებებით გამოხატული ინტერესის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ამოცანების პრაქტიკაში განხორციელების გაცნობის მიზნით, დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონს და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაესწრნენ სასწავლო პროცესს სკოლაში, შეხვდნენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური თემის წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. ამასთან, დელეგაციამ შეხვედრები გამართა თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებში. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.