თეა ახვლედიანი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან პიტერ ვიბლერთან.
მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით – სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში აშშ-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები.
ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.
USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შერიგებისა ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.