თეა ახვლედიანი - აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებსა და განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე
აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებსა და იმ განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის საათის ფორმატში ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან დეტალურად სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიში – ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ორივე პოლიტიკის მიმართულებით, როგორც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ჭრილში. შესაბამისად, დღევანდელი გაერთიანებული საკომიტეტო სხდომის ფარგლებში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და იმ განვითარებებზე, რომლებსაც ჩვენ ვსახავთ სამომავლოდ, მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, რათა უფრო სრულვყოთ და განვავითაროთ პოლიტიკის ის ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საქმიანობის შედეგად უფრო ხელშესახები შედეგების მიღწევას. ამ მხრივ, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ის ნდობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მინისტრობის ყველა კანდიდატმა, დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.