თეა ახვლედიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალაშენებული ბაღის გახსნას დაესწრო და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია დააანონსა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა და ახალქალაქში შეკრებილ საზოგადოებას სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო, რაც სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებასა და სახელმწიფო პროგრამებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხესა და ასპინძაში ჩატარდება, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართულობის მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს ახალაშენებული საბავშვო ბაღის გახსნაში, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 120 ბავშვზეა გათვლილი. თეა ახვლედიანმა ახალი საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნები და სათამაშოები გადასცა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებასთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ბავშვთა შემდგომი განვითარებისთვის განათლების ხელმისაწვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ ორენოვანი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი ესწრებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე საბავშვო ბაღების და სკოლების ფართომასშტაბიანი მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი არაქართულენოვანი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ვნერგავთ ორენოვანი განათლების სისტემას. სოფელ კუმურდოს ახალაშენებულ ბაღში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და დღეს ოფიციალურად გაიხსნა, სექტემბრიდან დაიწყება ბილინგვური სკოლამდელი განათლება და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მცირე ასაკიდან, მშობლიურ ენასთან ერთად, დაეუფლონ სახელმწიფო ქართულ ენას, რაც წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს. ამასთანავე, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ახალქალაქში გავხსენით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც სამი კვირის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უშუალოდ გააცნობენ რეგიონის 90-მდე სოფლის წარმომადგენელს დაწვრილებით, ამომწურავ ინფორმაციას და განმარტებებს, შესაბამის სფეროებში მათთვის საინტერესო სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების თაობაზე, რომლის მიზანს წარმოადგენს, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილი მაღალხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული შესაძლებლობების შესახებ,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.