თეა ახვლედიანი - ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის“ საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
თავის გამოსვლაში თეა ახვლედიანმა ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე.
„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები გამორჩეულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ ამავე დროს მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი კონფლიქტის პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში. სწორედ ამიტომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალების უფრო აქტიურ ჩართვას, მათი როლის გაძლიერებას, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების გათვალისწინებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას. ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ წარმოვადგინეთ მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები, რაც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებას, მათი მნიშვნელობის გაზრდას სამშვიდობო პროცესში და განვაგრძობთ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების კუთხით ძალისხმევას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის“ წარდგენას, ასევე მისი განხორციელების საუკეთესო გზების განხილვას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესით დაინტერესებულმა მხარეებმა.