თეა ახვლედიანი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, აჭარის სოფელ ფერიას ესტუმრა
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიას ესტუმრა, სადაც ქართველებთან ერთად აფხაზი მუჰაჯირები ცხოვრობენ.
სახელმწიფო მინისტრი ფერიის მოსახლეობას და სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა და აფხაზური ენის დღე მიულოცა.
თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, აფხაზური ენის გადარჩენის და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს – აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა და სკოლის პედაგოგებსა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ისინი აფხაზური ენის შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებით ეწევიან. შეხვედრის დასასრულს თეა ახვლედიანმა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში სიმბოლურად ხე დარგო.
„აფხაზური ენის დღეს ჩვენ აღვნიშნავთ განსაკუთრებული ადგილიდან სოფელ ფერიაში, სადაც ცხოვრობენ მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ გადასახლებულ აფხაზთა შთამომავლები, რომელთა შვილები ქართველ თანატოლებთან ერთად, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ეუფლებიან აფხაზურ ენას. აფხაზური კულტურის, თვითმყოფადობის და აფხაზური ენის დაცვა არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ასევე გამყარებულია კონსტიტუციით და შესაბამისად, წარმოადგენს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს, რომლის განხორციელება დღესდღეობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ დღეს, როგორც არასდროს – აფხაზური ენა დგას გაქრობის მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციისა და ასიმილაციის პროცესის ფონზე. აფხაზური ენის დაცვის, მისი გადარჩენის შენარჩუნების, სამეცნიერო შესწავლის და განვითარების ნიშნად, დღეს ჩვენ სიმბოლურად სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეზოში დავრგეთ მაგნოლიის ხე ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც შემპირდნენ, რომ აუცილებლად მოუვლიან და გაახარებენ ამ ახალგაზრდა ნერგს, ისევე როგორც განაგრძობენ აფხაზური ენის დაცვას და განვითარებას, მისი შესწავლის და კიდევ უფრო გაძლიერების გზით“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრი ახალგაზრდულ სპექტაკლს დაესწრო სახელწოდებით „სამოთხის ბილეთი“, რომელიც მოსწავლეების მიერ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „დედას“ მიხედვით დაიდგა და გამდიდრებული იყო აფხაზურენოვანი სიმღერებითა და პერფორმანსებით. თეა ახვლედიანმა ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც აფხაზურ ენას სწავლობს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს.