თეა ახვლედიანი - 2022 წელს რეფერალური პროგრამით 1 352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან
თეა ახვლედიანი - 2022 წელს რეფერალური პროგრამით 1 352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან

2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1 352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ჯანდაცვის კუთხით, გრძელდებოდა სახელმწიფო რეფერალური პროგრამის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება, რომლითაც წელს, ამ დრომდე, 1 352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. პარალელურად, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონის დახმარება პანდემიასთან საბრძოლველად განკუთვნილი პრეპარატებითა და აღჭურვილობით, ასევე იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი წელს, ჯამში, ექვს მილიონ ლარს აჭარბებს.

ამასთან, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებების ჩათვლით“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.