თეა ახვლედიანი - 2020-2021 წლებში ოკუპირებული რეგიონების 2 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში
ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„სამშვიდობო ინიციატივის გარდა, მოკლედ მინდა შევეხო ჩართულობის პოლიტიკის სხვა მიმართულებებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვისა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნის თვალსაზრისით. კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020-21 წლებში პროგრამით ოკუპირებული რეგიონების 2 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა ისარგებლა და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილურ კლინიკაში. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის რეგულარული მომარაგება სამედიცინო საშუალებებით, მათ შორის, იმუნიზაციისა და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის, აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, რომელთა ღირებულება ყოველწლიურად მილიონ-ნახევარ ლარს აღწევს; ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა.
„გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს. ამ მიზნით, რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
მისი თქმით, გაწეული ძალისხმევის შედეგად, ასევე შესაძლებელი გახდა: პაციენტების მართვა საველე ჰოსპიტალში ენგურის ხიდთან, დახმარების გამოყოფა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 247 სტუდენტისთვის, ასევე „კოვიდ-19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული სქემის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გამარტივებული წესით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
„ასევე, აღსანიშნავია, რომ ე.წ. გადასასვლელის ხანგრძლივი ჩაკეტვის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება, პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე სააფთიაქო მომსახურების მისაღებად. ისევე, როგორც შევძელით აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლისა და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად. გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნის შედეგად აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს. აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.
ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა არხის გამოყენებით, დავადასტურეთ და ახლაც ვაცხადებთ მზაობას, ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომისა და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, რათა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.