თეა ახვლედიანი - 2020-2021 წლებისთვის გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება, ისევე როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა.
სხდომა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელება, ასევე ამავე სოფლების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა.
სხდომაში როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომისიაზე ცალკეული მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები დასვა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები განისაზღვრა.
„ეს იყო კომისიის თანათავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემთვის პირველი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე აქტუალური საჭიროებები. ჩემი დანიშვნის პირველივე დღეებიდან მე ვიმყოფებოდი ამ სოფლებში, სადაც პირადად შევხვდი მოსახლეობას, გავესაუბრე მათ საჭიროებებზე და ეგ საკითხებიც ასევე განხილული იყო დღევანდელ სხდომაზე. ამასთან, გადაწყდა, რომ 2020-21 წლებისთვის გაგრძელდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება, ისევე როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.