„თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა, გაფიცულია. ისინი გარდაბანში, კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.
გაფიცულები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია-დანამატებს ითხოვენ.
მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა.
როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, მაშინ დაპირება მიიღეს, რომ ხელფასის მატება სექტემბრიდან მოხდებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.
მათივე თქმით, დღეს „თბილსრესის“ ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ავტობუსით მომსახურებაც შეუწყვიტა. გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში გზაც გადაკეტონ.
მოლაპარაკებები კომპანიის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.