„თბილსერვის ჯგუფი“ - ვაკის რაიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამით გატანის პროექტის წესებს მოსახლეობის 25% ითვალისწინებს
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, საპილოტე პროექტით დადგენილ წესებს ვაკის რაიონის მოსახლეობის 25% ითვალისწინებს, – ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფს“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა. საუბარია ნაგავშემკრებ კონტეინერებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 20:00 საათის შემდეგ გადაყრაზე.
მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მოქალაქეებს ადგილზე აცნობენ, თუ რატომ უნდა გაიტანონ ნაგავი ღამის საათებში. კონტეინერების დაცლას „თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს.
„იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქე გაითვალისწინებს დაწესებულ გრაფიკს. პროექტი ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ფინანსების დაზოგვას ისახავს მიზნად. გვინდა, რომ კონტეინერებთან ნაგავშემკრები მანქანა მხოლოდ ერთხელ მივიდეს. დღეს კი, 3-4 ჯერ მაინც გვიწევს შემოწმება, რადგან ქალაქში ნარჩენების დიდი რაოდენობა, საშუალოდ 1000 ტონაზე მეტი იყრის თავს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაახლოებით თვენახევრიანი დაკვირვების შემდეგ გაირკვევა, გაფართოვდება თუ არა საპილოტე პროექტის არეალი.
თბილისის მერიამ დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, 1 მარტიდან საპილოტე პროექტი აამოქმედა, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ნაგავმზიდ ავტომანქანებს ვაკის რაიონის 32 ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები 22:00 საათის შემდეგ გააქვთ.