„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანს
„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ უბნებში საპილოტე ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება.

მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე და 10:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში გაიტანენ.

„ალბათ ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა, დავიწყოთ, ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება. „თბილსერვის ჯგუფი“ მომზადებულია, ავტომობილები, ტექნიკა გადაწყობილია ამ ახალი სისტემისთვის. პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს, თუმცა არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.