თბილისში ზაფხულის განმავლობაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება
ზაფხულის განმავლობაში, თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას არაერთ საინტერესო კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობი ხასიათის ღონისძიებას სთავაზობს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 22 ივნისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ფესტივალი TBILISI OPEN AIR-ი, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„22 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან გაიმართება მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელებისა და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული ბიჭუნათა კაპელას კონცერტი. ასევე, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ნაცვლად კუს ტბაზე გაიმართება. სპორტული სამყარო საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს და გაიმართება არაერთი სპორტული ღონისძიება. სტუმრებსა და ნებისმიერ მსურველს შეუძლიათ მობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა. პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 23 ივნისს, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება, 9 აპრილის ბაღში, ცისფერ გალერეასთან, 19:00 საათზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 24 ივნისს, 20:00 საათზე ვერის ბაღში მხატვრული ფილმის „სინემა პარადისო“ ჩვენება გაიმართება.
„შემდეგი კვირიდან ჩვენი ღია კინოთეატრი ათივე რაიონში გამართავს კინოჩვენებებს და ასევე სხვადასხვა რეჟისორთან შეხვედრებს. მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ კარგი წამოწყებაა. ასევე, 24-ში დილიდან კვლავ შეგიძლიათ ეწვიოთ ფესტივალ TBILISI OPEN AIR-ს ლისის ტბაზე. ამასთან, 12:00 -19:00 საათამდე დედაენის ბაღში TBILISI FLEA MARKET გაიმართება. ვაკის პარკში კი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი გაიმართება. შეგიძლიათ მოხვიდეთ და გაერთოთ. ეს ღონისძიებები ყოველ კვირას იქნება, პარასკევიდან კვირის ჩათვლით სხვადასხვა ლოკაციაზე. ინფორმაციას მოსახლეობასაც მივაწვდით, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში კარგი რამ ხდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისიამოვნოს“, – განაცხადა კალაძემ.