თბილისში ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს ოლქში, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ გლდანში მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 153 204 ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 149 044 ხმა.
ყველაზე ნაკლები ხმა თბილისში როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა კრწანისში მიიღეს. ოლქში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 41,79 პროცენტი იყო, გრიგოლ ვაშაძემ 6 689 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 6 488.
ხმათა რაოდენობით, ყველაზე კარგი შედეგი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს საბურთალოს ოლქში აქვს, მან 23 495 ხმა მიიღო. საბურთალოზე აქტივობა 50,07 პროცენტი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კი, ყველაზე მეტი ხმა გლდანში მიიღო – 23 974. გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ 42,98 პროცენტი შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3678+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.57 პროცენტია.