რუმინეთის, ლიეტუვის, ავსტრიის პირველმა დიპლომატებმა აზერბაიჯანსა და სომხეთში შეხვედრები გამართეს
რუმინეთის, ლიეტუვის, ავსტრიის პირველმა დიპლომატებმა აზერბაიჯანსა და სომხეთში შეხვედრები გამართეს

დღეს, 25 ივნისს, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურმა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიჰაილ ზიბერტმა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში ვიზიტები გამართეს.

ევროპულ დელეგაციასთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ადგილობრივ მთავრობას შეუძლია, სრულად დაუბრუნდეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და სიღრმისეული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებების დებულებების ეფექტურად შესრულებას.

საპასუხოდ, რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფაშინიანს განუცხადა, რომ ამ ტიპის დელეგაციის ვიზიტი პირველია ისტორიაში და მისი მიზანი სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების სტიმულირებაა.

შეხვედრაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ამას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.

ლანდსბერგისის თქმით, საჭიროა მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა-განმტკიცება და აქვე დაამატა, რომ ევროკავშირი ამ თემაზე დახმარების გასაწევად მზადაა. ამავე კონტექსტში, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაბრუნების კუთხით. საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის ჩართულობით აზერბაიჯანიდან 15 დაკავებულის დაბრუნებას და აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი მზადაა, მსგავსი ნაბიჯებით უპასუხოდ ამ ტიპის ჰუმანიტარულ აქტს.

ევროპული დელეგაციის წევრებსა და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შორის გამართული შეხვედრისას, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მათი რეგიონული ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკასიასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობის ხაზგასმაა.

სომხეთში ვიზიტამდე, ევროპული დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრისას აზერბაიჯანელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მათ სამხრეთ კავკასიაში არსებული პოსტკონფლიქტური სიტუაციიდან მშვიდობის განვითარების ეტაპზე სურთ გადასვლა. აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში დასრულებული საარჩევნო პროცესის შემდეგ, ოფიციალური ერევანი მათ პოზიციას სათანადო პოზიტიურ პასუხს გასცემს.

ალიევის განცხადებით, მათ მშვიდობა, მდგრადი განვითარება და პროგნოზირებადი გარემო სჭირდებათ, ომის ნულოვანი რისკით. საპასუხოდ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროპული დელეგაციის ჩასვლა მიმდინარე წლის მაისში, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ევროკავშირის ლიდერებს შორის გამართული არაფორმალური დისკუსიების შედეგია. მისი თქმით, ამ დისკუსიებისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროგაერთიანება გააძლიერებს ძალისხმევას რეგიონის კონფლიქტების სრულყოფილად მოსაგვარებლად.

რუმინელი დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანს ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და არის სტრატეგიული პარტნიორი ენერგეტიკის სფეროში. შესაბამისად, ოფიციალური ბაქო მათთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით, ასევე რეგიონული კავშირების მიმართულებით. დამატებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდ ინტერესს იჩენს ამ რეგიონის მიმართ, მათ შორის მისი ეკონომიკური სექტორის კუთხით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირთან სამომავლო კავშირები განიხილეს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში ვიზიტების შემდეგ, 26 ივნისს, ევროპული დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და თბილისში შეხვედრებს გამართავს.