თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილში საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 2 700 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება.
ამასთან, პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი და კიბე ეწყობა. ამ ეტაპზე, სპორტული მოედნისა კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.
სკვერის გვერდით ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.
მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 332 416 ლარია. სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „კვადრელი“ ასრულებს.