თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვის მიზნით, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე იყრიდა თავს, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.
პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა. ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნა. შესაბამისად, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელური – ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთიც ცალმხრივი გახდა. ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები დამონტაჟდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის საშუალებით, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.
თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.