თბილისში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „მოქმედების დროა“ გაიმართა
დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. „მოქმედების დროა!“ – ასეთია კონფერენციის სლოგანი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და ტუბერკულოზის ცენტრების ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე ქვეყანაში დაავადებულთა მაჩვენებლის შესახებ ისაუბრეს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
როგორც დაავადებათა კონტროლიც ცენტრის დირექტორი განმარტავს, სახელმწიფოს, გლობალური ფონდისა და ადგილობრივი პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში დღეს ეფექტიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდი „გენექსპერტი“ (GeneXpert) აპარატების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა , ორ საათზე ნაკლებ დროში განისაზღვროს ტუბერკულოზის დიაგნოზი. მისივე განმარტებით, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი და ბოლო თაობის მედიკამენტები.
ამ ყველაფრის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უკანასკნელ წლებში დაავადების გავრცელების მაჩვენებელი იკლებს, თუმცა ქვეყნის მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს.წინასწარი მონაცემით, 2018 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2 681 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2004 ახალი შემთხვევაა. ამიტომ ქვეყანა აპრილიდან ახალი გაიდლაინით იხელმძღვანელებს, რომელშიც ის მექანიზებია გაწერილი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.
„დაავადებაზე რეაგირების გასაძლიერებლად და ქვეყნებში ტუბერკულოზის სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა აიღეს მკაცრი ვალდებულება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე 2018 წლის სექტემბერში, რომელიც პირველად მიეძღვნა ტუბერკულოზის საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2030 წლისთვის ტუბერკულოზის დამარცხების აუცილებლობას“,- განმარტა ამირან გამყრელიძემ.
2019 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა „დროა“ აქცენტები გაკეთდეს დროულ მოქმედებებზე: პრევენციისა და მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულებების გაზრდის, საკმარისი და მდგრადი დაფინანსების, სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხების ხელშეწყობის, სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო რეაგირების უზრუნველსაყოფად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ არჩეულია 24 მარტი იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მსოფლიოს მასშტაბით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს ტუბერკულოზით დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა( მამაკაცი -5,8 ქალი-3,2 ბავშვი-1,0 მილიონი). ამავე წელს წელს ტუბერკულოზის მიზეზით სიკვდილის შემთხვევებმა 1,3 მილიონი შეადგინა.